ქუთაისის აეროპორტის გადამყვანი კომპანიები ავიარეისების მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან

შეთავაზებები ძალაშია აეროპორტის ორივე ოფიციალური გადამყვანის შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდის გაუქმებამდე.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. ვილნიუსისა და ვარშავის ავიარეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი კომპანიები - Georgian Bus და Omnibus Express 21:00-დან 5:00 საათამდე საცხოვრებელ მისამართებზე უფასოდ მიიყვანენ, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის აეროპორტიდან სამთვიანი პაუზის შემდეგ უნგრული ავიაკომპანია Wizz Air პირველ რეისს 18 აპრილს შეასრულებს. აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განაახლებს, მაისიდან კი ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. ივნისიდან კი Wizz Air-ი ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

ქუთაისიდან მგზავრებს ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მოემსახურება

უწყების ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენისა და გაფრენის საათები ემთხვევა გადაადგილების შეზღუდვის - 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდს, ავტობუსები თბილისისა და ქუთაისისკენ მიმავალი მგზავრების მისამართებზე უფასოდ მიყვანას უზრუნველყოფენ.  რაც შეეხება ბათუმს, მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე გადაიყვანენ.

ავტობუსით მგზავრობისას მგზავრებმა თან უნდა იქონიონ ავიაბილეთები, ხოლო მგზავრის თანმხლები პირის შემთხვევაში ასეთმა პირმა ერთჯერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზს – 144 (1).

თუ მგზავრი ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ტრანსპორტით არ სარგებლობს და საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება, ამ შემთხვევაშიც ერთჯერადი საშვისთვის უნდა მიმართოს მთავრობის ცხელ ხაზს – 144 (1).

უწყების ინფორმაციით, მგზავრთა რეგისტრაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენამდე სამი საათით ადრე იწყება.

არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვნისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრები, რომლებსაც 37.5-ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შენობაში არ დაიშვებიან.

საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.