პროტესტი გრძელდება: რიონის ხეობაში რკინის ბარიკადები აღმართეს

რიონის ხეობაში საპროტესტო აქციები არ წყდება, სამართალდამცველებმა მომიტინგეებს დღეს ნამოხვანისკენ გზა ჩაუხერგეს.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა რიონის ხეობაში „გუმათჰესთან“ რკინის ღობე აღმართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. აქტივისტები „გუმათჰესიდან“ სოფელ ნამოხვანისკენ მსვლელობის მოწყობას გეგმავდნენ, რათა იქ მიმდინარე სამუშაოებისთვის ხელი შეეშალათ. ახლა პროტესტის ნიშნად აქტივისტები რკინის ღობეებს მუშტებს ურტყამენ. 

თურნავა: თუ ინვესტორი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, მას გადაცემული მიწა ჩამოერთმევა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. რადგანაც გამოიდარა, აქტივისტებს დღეს უფრო მასშტაბური აქცია აქვთ დაგეგმილი. მათ, შესაძლოა, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

გასულ ღამეს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ინვესტორი კომპანია ENKA-ს ერთ-ერთი ოფისისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. მოხდა დაპირისპირება, შედეგად – დაკავებულია ექვსი ადამიანი.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.