კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა

ცნობილი მსახიობი თითქმის ორი თვეა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც კორონავირუსის ინფექციის ფონზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარება კიდევ უფრო დამძიმდა, განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ. 

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

„კახი კავსაძე ამ დროისათვის აპარატზე არ არის შეერთებული, თუმცა მისი მდგომარეობა ძალზე მძიმეა. შეიძლება ითქვას, რომ გონებაზე საერთოდ არ არის“, – განაცხადა ტურძელაძემ ჟურნალისტებთან.

კახი კავსაძე კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.

კახი კავსაძე 85 წლისაა. ათწლეულების განმავლობაში ის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობია. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?!“