თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. მსახიობსა და ტელეწამყვან ია ფარულავას, შესაძლოა, ყოფილმა პროდიუსერებმა ეკატერინე გვახარიამ და ქეთი გუნცაძემ სასამართლოში უჩივლონ. მათ გადაცემა „ფარული კონვერტი“ დატოვეს და აღნიშნეს, რომ ია ფარულავამ მათზე ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა, ამასთან, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც.
გადაცემა „ფარული კონვერტის“ უკვე ყოფილმა პროდიუსერებმა ეკატერინე გვახარიამ და ქეთი გუნცაძემ „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურად ისაუბრეს. გუნცაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ იყო სამუშაო შეხვედრა, რომელსაც გადაცემის ახალი მენეჯმენტი და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, დაახლოებით 15 ადამიანი, რომელთა უმრავლესობას გადაცემასთან აქამდე შემხებლობა არ ჰქონია.
„სამწუხაროდ, სამუშაო რეჟიმში კონკრეტული საკითხის განხილვის ნაცვლად, ფარულავას მხრიდან დაიწყო ჩვენგან აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესია და თავხედური შეურაცხყოფა. სამწუხაროდ, მენეჯმენტის მხრიდან, ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ნაცვლად, მივიღეთ ამ ადამიანის მიმართ სოლიდარული დამოკიდებულება, ვითომდა მისი, როგორც გადაცემის წამყვანის სასურველ რეიტინგზე აპელირებით“, – ამბობს პროდიუსერი.
მისი თქმით, მიუხედავად მძიმე და ტოქსიკური გარემოსი, გადაცემის და არხის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მუდმივად ცდილობდნენ დაებალანსებინათ მათსა და წამყვანს შორის ურთიერთობა, არ გასცდენოდნენ პროფესიული ურთიერთობის ფარგლებს, თუმცა მხოლოდ მათი ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი ბულინგისა და პირადი შეურაცხყოფის ამ მასშტაბის აღმოფხვრისთვის.
„ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ხვალ გვეცოდინება არხის პოზიცია. რაც შეეხება წამყვანთან ურთიერთობას, ვთვლი, რომ არავის აქვს ღირსების შელახვის უფლება. გვინდა შეიქმნას პრეცედენტი იმისა, რომ არავის აქვს უფლება, ვინც უნდა იყოს ის, თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა“, – ამბობს ეკატერინე გვახარია.