ბენდელიანი: მეწყრულ ზონაში მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა, ვიწყებთ გამაგრებით სამუშაოებს

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. მაჭავარიანის ქუჩის მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალური პროექტი უახლოეს პერიოდში იქნება მზად და ამ პროექტის მიხედვით დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.

მაჭავარიანის ქუჩის მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით დღეს სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ გერმანელი ექსპერტებიც.

როგორც ბენდელიანმა განმარტა, პირველ ეტაპზე სამუშაოები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე იყო ჩატარებული, რაც გერმანელი სპეციალისტების მხრიდანაც დადებითად შეფასდა. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები გრძელვადიანი უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნითაც.

„მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა, რაც გულისხმობს უშუალოდ მეწყრის ტანის შემცირებას. ამის მიზანი იყო – დატვირთვა მოგვეხსნა უშუალოდ მეწყრული არეალიდან, რათა მეწყრის მასის გადაადგილება უფრო შეგვემცირებინა“, – აღნიშნა ბენდელიანმა.
ირაკლი ბენდელიანი: ჩვენი მთავარი მიზანია შევაჩეროთ მიწის მასის გადაადგილება

მერის მოადგილის განმარტებით, მოჭრილი მიწის მასით შეიქმნა ე.წ. წინაღობა, ასევე მეწყრულ არეალში გაკეთდა ჭაბურღილები, დამონტაჟდა დეტალური მონიტორინგის სისტემა.

„რაც შეეხება ნაპრალის თიხის მასით შევსებას, ამ გადაწყვეტილების მიზანი არ ყოფილა ის, რომ თიხა ამ მეწყერს შეაჩერებს. ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის ერთადერთი დანიშნულებაა, ნაპრალებში წყლის მინიმალური რაოდენობა ჩავიდეს ნალექიანი ამინდის დროს“, – განაცხადა ბენდელიანმა.

კვლევის შედეგებით, ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის ფერდობზე 18 მეტრამდე სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზით, ჭარბი ნალექის ან მიწისძვრის შემთხვევაში ფერდობიდან შეიძლება მიწის დიდი მასა დაიძრას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფერდი ძალიან დახრილი არაა, დიდი მასის გამო მან შეიძლება საკმაოდ მაღალი სიჩქარე მიიღოს იმისთვის, რომ ჯერ გზისკენ, შემდეგ კი მდინარისკენ დაეშვას.

კვლევის თანახმად, მეწყერი, სავარაუდოდ, მოიცავს მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის და გელოვანის ქუჩებს.

გარდა ამისა, ექსპერტების ვარაუდით, თუ მეწყერი მთის ზედა ნაწილში კიდევ ერთ მეწყერს წარმოშობს, მისი ჩამოწოლა უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფია ჩართული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მერია ახორციელებს მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გარდა ამისა, მაჭავარიანის გზის გასწვრივ და ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს.