თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 36-ე ადგილი) მონტე-კარლოში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე პირველი წრის მატჩი ტრავმის გამო ვერ დაასრულა.
ბასილაშვილი სერბ ფილიპ კრაიინოვიჩს (37) ხვდებოდა და პირველი პარტია ანგარიშით 1:6 დათმო. მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 0:2 იყო კრაიინოვიჩის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა პარტია ვეღარ გააგრძელა. რა სახის ტრავმა მიიღო ბასილაშვილმა, ჯერჯერობით უცნობია.
ჩოგბურთელებმა კორტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარეს.
ბასილაშვილისთვის მონტე-კარლოს „მასტერსი“ სეზონზე მეორე გრუნტის ტურნირი გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში კალიარიში გამართულ ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ლასლო დიერესთან ორ პარტიაში წააგო – 2:6, 0:6.
რაც შეეხება მონტე-კარლოს „მასტერსს“, ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი ფაბიო ფონინი (Fabio Fognini).