საქართველოს მთავრობის მეთაური ჯანმოს გენერალურ დირექტორს ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა COVID-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს ტელეფონით ესაუბრა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მისაღებად.

გამყრელიძე: ქვეყანაში დღეის მონაცემებით გვაქვს დაახლოებით 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება

პრემიერ-მინისტრმა ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბრისას ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი შეაფასეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება. საქართველომ ასევე მიიღო ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა, მაგრამ როდის დაიწყება მისი ქვეყანაში გამოყენება, ჯერჯერობით უცნობია.