ქუთაისიდან მგზავრებს ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მოემსახურება

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის საფრთხეები ჯერ არ მოხსნილა, საავიაციო სფეროში მნიშვნელოვანი პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინსიტროში.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრული ავიაკომპანია Wizz Air და ყაზახური  ავიაგადამზიდავი FlyArystan რეგულარულ ფრენებს შეასრულებს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ უნგრული ავიაკომპანია Wizz Air პირველ რეისს 18 აპრილს შეასრულებს.

აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით განაახლებს, მაისიდან კი ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. ივნისიდან კი Wizz Air-ი ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

გამოქვეყნდა საქართველოში ფრენების განრიგი ზაფხულში

გარდა ამისა, საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის.

ყაზახური ავიაგადამზიდავი FlyArystan ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყებს. აქთაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებ ქუთაისის აეროპორტში განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველოში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეგულარულ რეისებს სწორედ  ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან.

„2020 წელს, რომელიც თავისი გამოწვევებით იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი, საქართველოს მთავრობამ შეძლო ორი საერთაშორისო აეროპორტის განახლება-გაფართოება, მათ შორის არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომლის მგზავრთა გამტარუნარიანობაც გაოთხმაგდა, რაც ქვეყანაში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების მნიშვნელოვანი საფუძველია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისიდან ზაფხულის ფრენების ნაწილი გააუქმა

მისი შეფასებით, ავიაბაზარზე მიმდინარე პროცესიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება დაწყებულია და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის საფრთხეები ჯერ არ მოხსნილა, საავიაციო სფეროში მნიშვნელოვანი პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს.

საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.