არეულობა მინესოტაში: პოლიციისა და დემონსტრანტების შეჯახებები გრძელდება – ვიდეო

პოლიციელ ქალს აფროამერიკელი დანტე რაიტის დაკავებისას ელექტროშოკერი პისტოლეტში აერია და ის შემთხვევით შემოაკვდა. ვრცელდება დაკავების ვიდეოკადრები.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. პოლიციის მიერ აფროამერიკელი დანტე რაიტის მოკვლის შემდეგ აშშ-ის ქალაქ ბრუკლინ–სენტერში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეჯახებები უკვე მეორე დღეა გრძელდება მიუხედავად კომენდანტის საათისა, იუწყება ტელეარხი CBS.

​მანამდე მინესოტის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 წლის სტაჟის მქონე პოლიციელ ქალს ელექტროშოკერი პისტოლეტში აერია და შემთხვევით სასიკვდილოდ დაჭრა აფროამერიკელი დანტე რაიტი, რომელიც დაკავებისას ხელიდან გაუსხლტა პოლიციელებს და გაქცევას შეეცადა. არსებული ცნობით, სამართალდამცველებმა ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, თუმცა შემოწმებით გაირკვა, რომ მძღოლზე დაკავების ორდერი იყო გაცემული. რაიტის სიკვდილს საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

​ხელისუფლებამ ქალაქში ეროვნული გვარდიის რამდენიმე ასეული შეიყვანა წესრიგის დასამყარებლად. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზსა და შუქბგერით ყუმბარებს იყენებენ დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც პოლიციასა და კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან.

ქალაქში ეროვნული გვარდიის ავტომატებით შეიარაღებული მებრძოლები პატრულირებენ, ქუჩებში მოძრაობს ჯავშანმობილები და სპეცტექნიკა. დაფიქსირდა მაროდიორობის შემთხვევები.