პენსიონერთა სესხების საპროცენტო განაკვეთი: პარლამენტში საკითხზე დღეს იმსჯელებენ

საქართველოში 2020 წლის ბოლოსთვის რეგისტრირებულია 783.700 პენსიონერი, რომელთაგან 71% ქალია, 29% მამაკაცი.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში დღეს პენსიონერთა სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის სამინისტროს, Liberty Bank-ის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

პარტია „მოქალაქეები“ პენსიონერების საბანკო პროცენტებისგან დაცვას გეგმავს

კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული სტრუქტურების წარმომადგენელთა დასწრება საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია „მოქალაქეებმა“ მოითხოვა.

„მოქალაქეების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ პენსიონერებს პენსიის წინასწარ აღებისას ძალიან მაღალი პროცენტი ეჭრებათ, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

პარტიის ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქვეყანაში დაახლოებით 800 ათასი პენსიონერია, მათგან თითქმის ნახევარი იძულებულია პენსია წინასწარ აიღოს და სანაცვლოდ ბანკს 30%-ზე მეტი გადაუხადოს.

დღევანდელი მონაცემებით, Liberty Bank-ის საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი 31.9%-ია. 74 წელს ზემოთ პენსიონერებს სესხის სახით პენსიის მაქსიმუმ ხუთმაგი ოდენობის თანხის აღება შეუძლიათ, 74 წლამდე პენსიონერებისთვის კი ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუმცა გატანილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 ათას ლარს.

დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 240 ლარის ოდენობით პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 275 ლარს იღებენ. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის ჯამში 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.

Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.