ყვითელი ამბები

ცნობილი გახდა სად გადავა „პროფილი“ – ვრცელდება გადაცემის პრომო

ორკვირიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „პროფილის“ პრომო ვრცელდება. ნახეთ რა ერქმევა მაია ასათიანის გადაცემას და სად გავა ის.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წასული მაია ასათიანი საკუთარი გადაცემით ტელეკომპანია „TV პირველზე“ გადავიდა. ამის შესახებ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ახალი პრომოდან ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ „პროფილს“ სახელი ოდნავ შეეცვლება და „ახალი პროფილი“ ერქმევა. საუბარი იმაზე, რომ ჟურნალისტი ამ ტელეკომპანიაში აპირებდა გადასვლას, მას შემდეგ დაიწყო, რაც ასათიანმა „რუსთავი 2“ დატოვა, თუმცა აქამდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა, მაია ასათიანი სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს. „ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ, რადგან იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ“, – ამ სულისშემძვრელი სიტყვებით დაასრულა ტელესახემ საავტორო გადაცემა ორი კვირის წინ. გადაცემის კადრებში კარგად ჩანს ატირებული წამყვანი. უკანასკნელი „პროფილის“ გასვლამდე და ეთერში მაუწყებლობის შემდეგ მაია ასათიანმა რამდენიმე ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა. მის გარშემო თაყვანისმცემლების და ერთგული მაყურებლების რაზმი გაერთიანდა.

ემოციური გადაცემის გარდა, ტელევარსკვლავმა სულისშემძვრელი სიტყვები გამოაქვეყნა. პოსტი მან საკუთარ Instagram-გვერდზე დაწერა. „ასე მგონია მეორე შვილი მომიკვდა...“ – დაწერა ასათიანმა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია 5 მარტს გამოცხადდა. 17 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2" და „პრაიმ ტაიმი" ერთიანდებიან. არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, ტელეკომპანიის მიზანი მედიაბაზრის ლიდერობაა. რეორგანიზაციის ერთ-ერთი მიზეზი პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გახდა.