ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საუბარია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმების პროგრამაზე. დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების სპეციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის პროცესი დღეიდან იწყება.

გასულ კვირაში ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს ათასამდე მოქალაქე ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებს. 

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ისრაელში დასაქმების მსურველი

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველმა პირებმა რეგისტრაცია შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/ უნდა გაიარონ, სადაც დარეგისტრირებას მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში სამუშაოს ხანგრძლივობა არის 6 სამუშაო დღე კვირაში, სრული განაკვეთი.

თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით შეადგენს 5300 შეკელს.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

– ასაკი: 25-დან 45 წლამდე;

– საშუალო სკოლადამთავრებული;

– სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.

– ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

გარდა ამისა, დასაქმების მსურველი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ნასამართლეობის არმქონე, არ უნდა ჰქონდეს ისრაელში მუშაობის და არალეგალურად ცხოვრების ისტორია, მისი ოჯახის წევრები არ უნდა ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ ისრაელში. 

გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას საქართველოს 5 ათასამდე მოქალაქე შეძლებს

ამასთან, კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაივლის COVID-19-ის ტესტს საქართველოში და ასევე თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

ხელსუფლება საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან აქტიურად მუშაობს. 1 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვთ, შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე, ბოლო მონაცემებით, 100 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა – საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებას 5 ათასამდე საქართველოს მოქალაქე შეძლებს.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველები საქართველოდან 2021 წლის მაისში ჩავლენ. ისინი შტუტგარტის, დიუსელდორფისა და ბრანდერბურგის რაიონებში დასაქმდებიან. ამ დროისთვის სამუშაოს მაძიებლები სპეციალურ ტრენინგებს გადიან და ყველა აუცილებელ ინფორმაციას იღებენ.