თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ვაქცინაციის პროცესი და შემდგომ განვითარებული მოვლენები აღდგება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.
დაგეგმილ საგამოძიებო ექსპერიმენტში ყველა ის პირი ჩაერთვება, ვინც მეგი ბაქრაძის აცრის პერიოდში კლინიკაში ადგილზე იმყოფებოდა.
პარალელურად მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატები საგამოძიებო უწყებისგან დღეს საქმის ახალ მასალებს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერებსა და პრეპარატის იმ ფლაკონს ელოდებიან, რომლითაც ექთანი აცრეს.
თამარ გაბუნია: კლინიკის მხრიდან მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა საგანგაშოა>>>
ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს – კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ექთანს ბრალი გასულ კვირაში წარუდგინა. 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 3 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
ექიმებსა და ექთანს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით).
სასამართლოს მორიგი სხდომა 31 მაისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.