ავარია ნათანზის ბირთვულ ობიექტზე: ირანი შურისძიებით იმუქრება

კვირას ნათანზის ბირთვული ობიექტის ელექტროგამანაწილებელ ქსელში ავარია მოხდა, რის შედეგადაც ურანის გამამდიდრებელი ცენტრიფუგები მწყობრიდან გამოვიდა.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე დივერსიაში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიების პირობა დადო, იუწყება სააგენტო IRNA.

დიპლომატის თქმით, ისრაელი ამგვარად აჩვენებს, რომ ირანს სანქციების მოხსნის საკითხში წინ წაწევის საშუალებას არ მისცემს.

„სიონისტური რეჟიმის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უკვე საჯაროდ განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ [ირანისთვის] სანქციების მოხსნის საკითხში პროგრესს. სიონისტები პასუხს მიიღებენ შემდგომი ბირთვული პროგრესით“, — განაცხადა ზარიფმა.

მისი თქმით, ნათანზის ბირთვული ობიექტი კიდევ უფრო გაძლიერდება და თანამედროვე ცენტრიფუგებით აღიჭურვება ურანის გასამდიდრებლად.

NYT: ირანის ბირთვულ ობიექტზე აფეთქება ისრაელის მოწყობილია

„თუ მათ ჰგონიათ, რომ მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია სუსტდება, ახლა ეს ამაზრზენი აქტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს პოზიციას. მოლაპარაკებების მხარეებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ჩვენი ბირთვული ობიექტები პირველი თაობის მანქანებით იყო აღჭურვილი, ახლა ნათანზი თანამედროვე ცენტრიფუგებით შეივსება ურანის მრავალჯერადი გამდიდრების უნარით“, — აღნიშნა მინისტრმა.

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ 11 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნათანზის ბირთვული ობიექტის გამანაწილებელ ელექტროქსელში ავარია მოხდა, რის გამოც ცენტრიფუგებს დენის მიწოდება შეუწყდა. გამოცემა The New York Times-მა დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ინციდენტის უკან ისრაელი დგას, რომელმაც ნათანზის ქარხნის ელექტროქსელში აფეთქება მოაწყო.

ოფიციალურ ისრაელს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც პორტალი Nour News წერს ირანის დაზვერვის სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით, ქვეყნის სპეცსამსახურებმა უკვე დაადგინეს დივერსიაში მონაწილე პირის ვინაობა და ამ დროისათვის მისი დაკავების ღონისძიებები მიმდინარეობს.