ყვითელი ამბები

„ბენმა დილას დამირეკა - დავიღუპეთო!“- რა მოხდა ნუკი კოშკელიშვილის ოჯახში?

კორონავირუსით ინფიცირებულმა ნუკი კოშკელიშვილმა ვირუსის შედეგებსა და შეგრძნებებზე საჯაროდ ისაუბრა. როგორ გადააქვს მის ოჯახს და მცირეწლოვან ვაჟს კოვიდ-19?
Sputnik

ტელესახე კორონავირუსის დამარცხების პირასაა, თუმცა ახალმა ვირუსმა კვალი მაინც დატოვა. 11 დღის შემდეგ ყნოსვისა და გემოს შეგრძნება ჯერ კიდევ არ დაბრუნებია. თავად კი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვირუსი მის შემთხვევაში იმდენად საშიში არ აღმოჩნდა, რამდენადაც თავად აჰყვა პანიკას. აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე არ აიცრა და კორონავირუსით დაინფიცირებული სახლში დაბრუნდა.

ნუკი თვის დასაწყისში კორონავირუსით დაინფიცირდა. კოვიდ-დადებითია ნუკის მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი ოლივერიც. კოშკელიშვილმა „ინსტაგრამზე“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ იმის მიუხედავად, რომ მას კორონავირუსი მსუბუქად გადააქვს, საავადმყოფოში მისვლა გახდა აუცილებელი.

„ვირუსი მოიტანა სახლში ბენმა სამსახურიდან, იკაცა და არ აიცრა, ერთი წელი გავქაჩე რაღა ახლა დამემართებაო და აჰა! დაეწყო გულის რევა და გვეგონა მოწამლული (ღვინოს ვწრუპავდით და დავაბრალეთ). მეორე დღეს საშინელ ნაბახუსევზე გაიღვიძა, ცოტა კი გაგვიკვირდა, ასე ორ ჭიქაში რატომ კვდება ასე თქო, მაგრამ იქნებ ცუდი ღვინო იყო. სამსახურში სულ უტარებენ ტესტირებას და დილასვე დამირეკა - დავიღუპეთო…“, - წერს ნუკი.

კოშკელიშვილი პანდემიის დაწყების დროს შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, სადაც თითქმის ერთი წელი გაატარა მეუღლის გარეშე. ტელესახის ექიმი მეუღლე ამერიკაში კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და სწორედ ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა. „მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო (ბენის, თორე ჩემი ნება რომ იყოს...) სახლიდან საერთოდ არ გავსულვართ, ვინმესთვის რომ არ გადაგვედო. დედას გეფიცებით, გაფრენის პირას ვარ, სუფთა ჰაერი ისე მომენატრა...“, - აღნიშნავს მსახიობი.