ყვითელი ამბები

„მითხრეს, შვიდი კვირის ორსული ხარო...“ – ნანიკო ხაზარაძის აღიარება

სოციალურ ქსელში პოპულარულია ნანიკო ხაზარაძის ისტორია, რომელიც მან ჟურნალისტ მერიკო კარტოზიას გადაცემაში მოყვა.
Sputnik

ცნობილი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ინტერვიუებს ხშირად არ თანხმდება, თუმცა ის გულახდილი რესპონდენტია. ნანიკო სტუმრობდა მერიკო კარტოზიას გადაცემას „სიკეთე მარტივია“, სადაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტზე ისაუბრა.

ნანიკომ 13 წლის წინანდელი ავტოავარია გაიხსენა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე შეემთხვა, როდესაც მის გაჩერებულ მანქანას სხვა მანქანა შეასკდა და ასევე დაეჯახა „მერსედესის“ მარკის ტაქსი. ტელეწამყვანის თქმით, მანქანა გაჭრეს და ის ასე ამოიყვანეს იქიდან, თუმცა ეს თავად არ ახსოვს. „ერთ-ერთმა ტელევიზიამ ეს გადაიღო და ჩემი ოჯახის წევრებმა ტელევიზიით გაიგეს, რომ ნანიკო ხაზარაძე ბავშვთან ერთად მოხვდა ავარიაში“, – იხსენებს ტელეწამყვანი.

როგორც თავად ამბობს, გონზე კლინიკაში მოვიდა. ავტოავარიის შემდეგ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაიგო, რომ შვიდი კვირის ორსული იყო. „აზრზე რომ მოვედი, ვიგრძენი, რაღაც ცივზე ვიწექი. ქერათქმიანი ქალი დაკუზული, აგრესიული ტონით მეჩხუბებოდა, წამოდი ახლა და გადმოწექიო. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მეც დავიწყე ჩხუბი: თავი დამანებე, ცუდად ვარ, მტკივა-მეთქი, და კიდევ ერთხელ გავითიშე“, – იხსენებს ნანიკო.

ტელეწამყვანი იხსენებს, რომ კლინიკიდან ისე გამოუშვეს, მისთვის რენტგენი არ გადაუღიათ, უკან ძლიერი ტკივილების გამო მიბრუნებულს კი აღმოუჩინეს, რომ მოტეხილი ჰქონდა მენჯის ძვალი, კოჭი, შარდის ბუშტთან ჰემატომა ჰქონდა.

„მორფი გამიკეთეს, ინტენსიურში დამაწვინეს. ტრავმატოლოგები ამბობდნენ, ორთვენახევარი ფეხზე ვერ ადგებაო. მე კი 40 დღეში გავედი სამსახურში. რისი დამსახურებაა – არ ვიცი, მოხდა სასწაული. 40 დღეში აბორტი გამიკეთეს, სანამ სახლში მოვედი, ავდექი ფეხზე. გავიარე და დავიწყე სიარული“, – იხსენებს ტელეწამყვანი.