თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ფართზე დიდი რაოდენობით მოქალაქეების ჩართულობით ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით გაიმართა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი და უხეშად ირღვევა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციები.
შრომის ინსპექციამ გამოავლინა დარღვევის ჩამდენი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ აკრძალულ ღონისძიებას და დადგენილების შესაბამისად არ განახორციელეს სავალდებულო შეტყობინება, აღნიშნა ფერაძემ.
მისივე თქმით, დამრღვევი პირები მოქმედებდნენ ერთგვარი სქემის მიხედვით და იჯარის, ქვეიჯარის ხელშეკრულებების სიმრავლის გამოყენებით ცდილობდნენ ფართის გადაცემის რეალური მიზნის შენიღბვას, აკრძალული აქტივობის ორგანიზებისა და ხელშეწყობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
მისივე განმარტებით, ამ ობიექტზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა ანალოგიური დარღვევის სამი ფაქტი, რაზეც გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები და დაჯარიმდნენ აქტივობის ორგანიზატორები.
„ყველა კომპანია თუ ფიზიკური პირი, ვინც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ჩართული იყო ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის სქემაში... დაჯარიმდა კანონით დადგენილი წესით. ხოლო ობიექტს, სადაც იმართებოდა სოციალური ღონისძიება, დარღვევის კრიტიკული შეუსაბამობისა და არაერთჯერადი ხასიათის გათვალისწინებით, შეუჩერდა საქმიანობა“, - განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში, შრომის ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ეფექტიანი კოორდინაციის გზით, აგრძელებს აქტიურ მონიტორინგს დადგენილებით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.
„მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ ჩაერთონ მსგავს სოციალურ ღონისძიებებში“, - განაცხადა ფერაძემ.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით ბოლო 24 საათში პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 137 ფიზიკური პირი და 2 იურიდიული დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.