„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს რიონში ეძებენ

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მამაკაცის გადაწყვეტილება „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას. მან თავისი ტელეფონი ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ ვარლამ გოლეთიანზე დაყრდნობით.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო უწყვეტი აქცია რიონის ხეობაში 167-ე დღე გრძელდება. აქციის მონაწილეები დღე და ღამე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ღამეებს იქვე გაშლილ კარვებში ათენებენ.

ინციდენტი დღეს საღამოს მოხდა.

ენგურის სანაპიროზე მეოთხე გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს 

„მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც მამაკაცმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, უცნობია.

„ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება „ნამახვანჰესის“ მშენებლობას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ვარლამ გოლეთიანმა.

ადგილზე მაშველები მუშაობენ. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.