დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე მოქალაქის უკანონო დაკავებისთვის დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების გამო მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.

შუახევის მერიის თანამშრომელი ქრთამზე დააკავეს

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და განზრახ უკანონოდ დაკავება). დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.