დავით ბაქრაძემ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა

არჩევნების შემდეგ პარტიიდან უნდა წასულიყო სამივე ლიდერი - გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და გიგა ბოკერია. მაგრამ ბოკერიამ პარტიის ხელმძრვანელობაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ პარტია დატოვა, განცხადებას დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აი ია“ – გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

დღეს გაიმართება პარტიის ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობას.

ბაქრაძე განმარტავს, რომ „მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა“, არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მიერ ნაჩვენები შედეგი არ იყო სასურველი, რაც ნიშნავს, რომ პარტია განახლებასა და ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს.

„მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის. ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც”, - წერს დავით ბაქრაძე.

პარტიის სხვა ლიდერებისგან განსხვავებული აზრი აქვს გიგა ბოკერიას. მან ჩათვალა, რომ პარტიაში უნდა დარჩენილიყო. ბაქრაძის თქმით, გიგას გადაწყვეტილება არ ემსახურება პარტიის ინტერესს.

„პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს -  დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს 10 აპრილიდან დაიწყებს

დავით ბაქრაძემ ასევე მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და „პოლიტიკურ პაუზას“ იღებს. მიუხედავად ამისა, ის რჩება საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე.

მან აღნიშნა, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა და მან პარტიის ყველა წევრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

რამდენიმე ხნის წინ პარტია დატოვეს ასევე ელენე ხოშტარიამ და გიორგი ჭიაბერაშვილმა.

დავით ბაქრაძე 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, სადაც ამომრჩეველთა 9.2%-ის ხმა მიიღო. ის ასევე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერია, რაზეც ბოლოს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევა მეტყველებს. კვლევის მიხედვით, რომლის საველე სამუშაოებიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, გამოკითხულთა უმრავლესობას კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მესამეზე - კახა კალაძე, ხოლო მეოთხე ადგილზე სწორედ დავით ბაქრაძე აღმოჩნდა.

„ევროპული საქართველო“ 2017 წლის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა შექმნეს, რომლებმაც პარტია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვეს.