„ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად...“: „ევროპული საქართველო“ გიგი უგულავამაც დატოვა

პოლიტიკოსი უპარტიოდ დარჩება, მაგრამ ივანიშვილის „ოლიგარქიული რეჟიმთან“ ბრძოლას გააგრძელებს და „ევროპულ საქართველოსთველოსთან“ ცივილიზებული ურთიერთობის შენარჩუნების იმედს იტოვებს
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მისმა გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ დატოვა, განცხადებას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დღეს გაიმართება პარტიის ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობას. ყრილობას აღარ დაესწრებიან გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე, რომელმაც ასევე დატოვა პარტია.

ორივე პოლიტიკოსმა პარტიის დატოვების შესახებ თავიანთი გადაწყვეტილება ერთი და იგივე მიზეზით ახსნა. მათ მიაჩნიათ, რომ პარტიაში მნიშვნელოვანი განახლება უნდა მოხდეს.

უგულავა განმარტავს, რომ „2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო“.

„ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ“, - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ ბოკერიას გადაწყვეტილება არასწორია, რადგან პარტიას განახლება სჭირდება.
დავით ბაქრაძემ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა

მისი თქმით, ის, რომ ბოკერია პარტიის ლიდერად დარჩენა გადაწყვიტა, წარსულისკენ სვლას ჰგავს.

„განახლება, რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა, რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ“, - დაწერა უგულავამ.

მან გიგა ბოკერიას მადლობა გადაუხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ მასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა.

„ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა უგულავამ.

მან მადლობა გადაუხადა პარტიის თოთოეულ წევრს ერთობლივი მუშაობისთვის და განაცხადა, რომ შემდგომში უპარტიოდ ყოფნას ამჯობინებს.

„ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, ევროპულ საქართველოსთანაც ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ“, - დასასრულს აღნიშნა პოლიტიკოსმა.

რამდენიმე ხნის წინ პარტია დატოვეს ასევე ელენე ხოშტარიამ და გიორგი ჭიაბერაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ 2017 წლის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერებმა შექმნეს, რომლებმაც პარტია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვეს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 72.986 ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა (3.79%), რამაც მას 5 სადეპუტატო მანდატი მიანიჭა.