ვეფხია გიორგაძე: მთავრობამ მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაზე ფიქრი დაიწყო

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შესახებ ქვეყანაში მიწის ბაზრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, განაცხადა ეკონომისტმა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი – თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10 ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს რაოდენობრივი შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება. გარდა ამისა, გამოსყიდვის უფლება, იჯარით გაცემული „სახნავი“ კატეგორიის მიწების გარდა, გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც.

საქართველოში ფერმერები იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვას შეძლებენ

ამასთან, საქართველოში მოიჯარეები შეძლებენ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები, აქამდე ეს უფლება მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე ვრცელდებოდა. 

„კარგია, რომ მთავრობამ დაიწყო ფიქრი მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაზე, რადგან ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია“, – მიაჩნია ვეფხია გიორგაძეს.

მისი თქმით, მიწის ბაზარი მანამდე არ ჩამოყალიბდება, სანამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დაახლოებით 1.5 მლნ ჰა მიწის ფართობი კერძო მესაკუთრეების ხელში არ გადაინაცვლებს. ამისათვის კი პირველ რიგში უფასო პრივატიზაციაა საჭირო.

„იმის გამო, რომ მიწის ფასს ბაზარი ვერ განსაზღვრავს, ფერმერები ვერ ახერხებენ ბანკებსა თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტებში სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად საჭირო სახსრების მოძიებას, შესაბამისად, ვერც დოვლათი იქმნება და ცდება მიწაც“, – აღნიშნა გიორგაძემ.

ეკონომისტის თქმით, დღეს საშუალოდ ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 3-4 ათასი დოლარის ეკვივალენტი ღირს ეროვნულ ვალუტაში.

  • „სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, გარდა იმისა, რომ იაფია, ძნელადაც იყიდება, ამიტომ ბანკები ერიდებიან ამ ტიპის ქონებით უზრუველყოფილი კრედიტების გაცემას, მიწის ბაზრის ჩამოყალიბების შემდეგ კი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსაყვანად საჭირო ფინანსების მოძიებას უფრო იოლად შეძლებენ“, – თქვა გიორგაძემ.

ვეფხია გიორგაძე მიიჩნევს, რომ მიწის კერძო მფლობელობაში გადასვლის შემდეგ გაჩნდება მასზე თავისუფალი მოთხოვნა–მიწოდება, ჩამოყალიბდება საბაზრო წონასწორობა და აისახება ფასზე, ის შეიძენს სრულფასოვანი უზრუნველყოფის სახეს და გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოფლის მეურნეობის განვითარების.

საქართველოში ერთ მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა

სახელმწიფო პროგრამის გაფართოებაზე გუშინ საქართველოს პრემიერ-მინტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ივლისში დამტკიცდა და მისი მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის ხელშეწყობა – მოიჯარეებისთვის იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის გზით.

ნატა პატარაია