უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესწორებულ წესებს ვენეციის კომისია შეამოწმებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა – ერთ-ერთი მძიმე თემაა, რომელმაც 2019 წელს მმართველ პარტიაში დიდი სკანდალი და განხეთქილება გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესების ბოლო ცვლილებები ვენეციის კომისიას გადაუგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

პარლამენტმა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ახალი წესი დაამტკიცა

ეს პარლამენტის მესამე მცდელობაა განსაზღვროს მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე წესები. ადრე მიღებული შესწორებები ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა, რადგან ყველა შენიშვნას არ ასახავდა.

„ორი წლის წინ ეს რეგულაციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო სტანდარტის მიხედვით შევიმუშავეთ. ახლა კი პარლამენტმა ის ცვლილებები მიიღო, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან კანონის ახალი რეგულაციების თანხვედრა მარტივად დასადგენია, ჩვენი პარტნიორების მოწოდება გავითვალისწინეთ და კანონი საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას უკვე გადავუგზავნეთ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა – საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წელს მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დიდი სკანდალი და განხეთქილება გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები და ეს წესები სრულყოფას ჯერ კიდევ განიცდის.

რას შეამოწმებს კომისია

პარლამენტის მიერ უკვე მიღებული პროექტის თანახმად, უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელი კანდიდატი რა შედეგით შეაფასა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ხოლო თუ საბჭოს წევრი დაფარავს თავის შეფასებას, ის არ ჩაითვლება, კანდიდატთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგები კი გაუქმდება.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი ეტაპი იწყება

ასევე იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევის ბოლო ეტაპისთვის კანდიდატების სიის შედგენის წესი. კერძოდ, აღნიშნულ სიას ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არა კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, არამედ კანდიდატთა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით.

პარლამენტს მხოლოდ იმ კანდიდატების სია გადაეცემა, რომლებმაც კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით შეფასებისას საუკეთესო შედეგები მიიღეს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კენჭისყრის დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ გამოხატული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების აუცილებლობას დამოუკიდებლად იმისა, კანდიდატს მხარს უჭერს თუ არა. ინფორმაცია იმის შესახებ, საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი კენჭისყრისას და ასევე კენჭისყრისას დაფიქსირებული პოზიციები საჯარო იქნება.