თბილისის ერთ–ერთ ქუჩას თამუნა დოლიძის სახელი ეწოდა

თამუნა დოლიძე ერთ–ერთია იმ 21 ადამიანიდან, რომელიც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევისას გარდაიცვალა
Sputnik

 

თბილისი, 9 აპრილი  — Sputnik.  თბილისის ერთ–ერთ ქუჩას 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თამუნა დოლიძის სახელი ეწოდა.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თამუნა დოლიძის სახელი ჩუღურეთის რაიონის ერთ–ერთ ქუჩას დაერქვა.

ქუჩის გახსნას კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი, საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე და თამუნა დოლიძის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ. 

9 აპრილი – დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა. იმ ღამით მანიფესტაციის დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი — ორსული. მოკლულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა დაჭრილებიც იყვნენ, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა.

თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი მოვლენების გამოძიების მიზნით სსრკ-ის სახალხო დეპუტატების ყრილობაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც სათავეში ანატოლი სობჩაკი ჩაუდგა. კომისიამ გამოიტანა დასკვნა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედროებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს.

საქართველოში 9 აპრილი ეროვნული ერთიანობის დღედ არის გამოცხადებული.