კვლავ პოზნერზე – საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას ამ თემაზე ისაუბრა

ვნებები რუსი ტელეწამყვანის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით უკვე ჩაწყნარდა, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტმა ის ისევ გაიხსენა.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებული სკანდალი პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაში მოხვდა.

„სტუმართმოყვარეობა მთელი თავისი ხიბლით“ - პოზნერის სტუმრობამ სოცქსელი ააფეთქა

პოზნერის ვიზიტი თბილისში სკანდალით დასრულდა. ტელეწამყვანს, რომელსაც 1 აპრილს დაბადების დღე ფეშენებელურ რესტორანში 50-მდე ჩამოსულ სტუმართან ერთად უნდა აღენიშნა, საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. დემონსტრანტებისთვის მიუღებელი იყო მისი წლების წინ ნათქვამი აფხაზეთის შესახებ, ასევე ისინი აღშფოთდნენ კოვიდ–რეგულაციების დარღვევის გამო, რადგან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს (21:00-დან 05:00 საათამდე) და აკრძალულია 10 კაცზე მეტის შეკრება.

„ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა, ყველგან – ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ კოვიდ-შეზღუდვები ქვეყნის მცხოვრებლებმაც და სტუმრებმაც დიდი ყურადღებით უნდა დაიცვან, რათა ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება შეძლოს.

პრემიერი: პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ

პოზნერის დაბადების დღის ვახშამი თბილისში ჩაიშალა, რუსი ტელეწამყვანი იძულებული გახდა, ქვეყანა დაგეგმილზე ადრე დაეტოვებინა. შსს ამტკიცებს, რომ თითოეული უცხოელი სტუმარი რეგულაციების დარღვევისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმეს, როგორც ამას ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოზნერის ჩამოსვლის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტის ფორმა დაგმო – აქტივისტები სტუმრების ავტობუსს კვერცხებს ესროდნენ. პრემიერმა ამ ქმედებებს დესტრუქციული უწოდა.