Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
მატრონა თესალონიკელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამე მატრონა თესალონიკელის ხსენების დღეა.
მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. ქალბატონს სურდა, იუდაიზმზე მოექცია იგი და ხშირად სცემდა, ბოლოს კი, გააფთრებისგან გონდაკარგულმა, დილეგში გამოამწყვდია და კარები დალუქა. წმიდა მოწამე მატრონა საკანში გარდაიცვალა (III ან IV საუკუნეში). მისი ცხედარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას. სხვა ცნობით, წმიდა მატრონა აწამეს წარმართებმა, რომელთაც იგი თავისმა ქალბატონმა გადასცა. მოგვიანებით თესალონიკში წმ. მატრონას სახელობის ტაძარი ააგეს და მისი პატიოსანი ცხედარი იქ გადააბრძანეს. წმიდა მოწამის ზოგიერთი ნაწილი დაცულია მაზერში, ტულუზის დიოცეზში (საფრანგეთი).
იოანე წინასწარმხედველი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი წმიდა იოანე წინასწარმხედველის ხსენების დღეა.
იოანე წინასწარმხედველი (+395) დაიბადა IV ს-ის დასაწყისში. ცხოვრობდა ქალაქ ლიკოპოლისში (შუა ეგვიპტე). 25 წლის ასაკში წმიდა იოანე წავიდა მონასტერში და ბერად აღიკვეცა. 15 წლის განმავლობაში მოღვაწეობადა იგი სხვადასხვა სავანეში, შემდეგ კი განმარტოებით ცხოვრების მსურველმა თებაიდის ერთ-ერთ მთას მიაშურა. წმიდა იოანე 15 წელი ცხოვრობდა განდეგილად და არასოდეს ტოვებდა თავის სამყოფელს. მასთან მისულ ხალხთან ღირსი მამა პაწაწინა სარკმლიდან საუბრობდა, აქედანვე ღებულობდა მწირ საზრდოს. ოცდაათწლიანი დაყუდებული ცხოვრების შემდეგ წმიდა იოანემ ღვთისაგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. იმპერატორ თეოდოსი დიდს (379-395) მან უწინასწარმეტყველა მაქსიმესა და ევგენიზე გამარჯვება და ძლევამოსილი ომი გალების წინააღმდეგ. მასთან მისულებს წმიდა მამა მომავალს აუწყებდა და რჩევას აძლევდა, ავადმყოფებს მაკურნებელ ნაკურთხ ზეთს სცხებდა.
ღირსმა იოანემ მისი ცხოვრების აღმწერელს, ბერ პალადის ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა. მისი წინასწართქმა ახდა.
ღირსი იოანე აღესრულა ღრმად მოხუცი, 90 წლის ასაკში, 395 წელს.
მანუელი და თეოდოსი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 9 აპრილი მოწამეების მანუელისა და თეოდოსის ხსენების დღეა.
მანუელი და თეოდოსი დიოკლეტიანეს (284-305) დროს ეწამნენ. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ ხოცავდნენ ქრისტიანებს ყოველდღიურად, თვითონაც ქრისტესთვის წამების სურვილით აენთნენ და ნებით ჩაბარდნენ ჯალათებს. საშინელი წამების შემდეგ წმიდანებს თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა 304 წლის 26 მარტს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.