კბილების ახლიდან გაზრდა შესაძლებელია: მეცნიერული კვლევა

იაპონელმა მეცნიერებმა წარმატებით გაუზარდეს თავიდან კბილები ქრცვინებს, რომელთა კბილებიც ძალიან ჰგავს ადამიანისას.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა კბილების თავიდან გაზრდის მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც უკვე გადის გამოცდას ცხოველებზე, ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

აღმოჩენილია კბილების თავიდან გაზრდის მეცნიერული მეთოდი: გარღვევა მოლეკულურ ბიოლოგიაში

გავრცელებული ინფორმაციით, მეთოდს საფუძვლად მონოკლონალური ანტისხეულები უდევს, რომლებიც ორგანიზმს აიძულებს, გაზარდოს ახალი კბილები.

კვლევამ აჩვენა, რომ გენ USAG-1-ის დაბლოკვა ძვლის მორფოგენეტიკური ცილის გააქტიურებას იწვევს. ამ უკანასკნელის მოლეკულები კი ორგანოებისა და ქსოვილების, მათ შორის კბილების ზრდაზე აგებს პასუხს.

ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ ტექნოლოგიას რამდენიმე ნიუანსი აქვს. საქმე ისაა, რომ მორფოგენეტიკური ცილის მუშაობაში ჩარევამ, რომელიც ადამიანის უამრავი ორგანოს განვითარებას აკონტროლებს, შეიძლება არაერთი სერიოზული გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს.

თუმცა სწავლულებმა კვლევის პროცესში, რა დროსაც მთელი რიგი მონოკლონალური ანტისხეულები შემოწმდა, მიაგნეს კონკრეტულ ანტისხეულს, რომელიც, სხვა ანტისხეულებისგან განსხვავებით, არ იწვევს გვერდით ეფექტებს.

შექმნილია უნიკალური კბილის პასტა გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად

ამის შემდეგ მეთოდიკა საცდელ ცხოველებზე შემოწმდა. მეცნიერებმა ახალი კბილები წარმატებით გაუზარდეს თაგვებს, შემდეგ კი ქრცვინებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქრცვინის კბილები ძალიან ჰგავს ადამიანისას, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ადამიანებზე ჩატარებული კლინიკური ცდები მათ მოლოდინებს გაამართლებს.

„ჩვენი შემდგომი გეგმა — ანტისხეულების სხვა ცხოველებზე, ღორებსა და ძაღლებზე შემოწმებაა“, — აცხადებენ კვლევის ავტორები.

ისინი ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება ახალი მეთოდის შემოწმება ადამიანებზე. თუმცა დიდი იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა ახლო მომავალში აუცილებლად დაეხმარება კაცობრიობას კბილებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.

მანამდე კბილების ბუნებრივი გზით თავიდან გაზრდის მეთოდზე ბრიტანელი მოლეკულური ბიოლოგები, ასევე ჰარვარდელი მეცნიერები მუშაობდნენ, რომლებსაც გარკვეული წარმატებები ჰქონდათ ამ მიმართულებით.