„აი ია“ – გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

პოპულარული შოუმენის მიერ დღეს გამართულ საპროტესტო აქციას „ყველას წინააღმდეგ“ ათასობით ადამიანი შეუერთდა.
Sputnik

თბილისი,  9 აპრილი – Sputnik. მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, რომლის სახელწოდებაც იქნება „აი ია“.

როგორც გაჩეჩილაძემ  დღეს გამართული „მდუმარე აქციის“  შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული საზოგადოებრივი მოძრაობა შემდგომში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას.

მისი თქმით, შეიქმნება ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალა, რომელიც იტვირთავს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას, განაცხადა „უცნობმა".

„ეს მოძრაობა დაფუძნდება ძალიან მალე და შემდეგ უკვე ხალხის კარნახით შეიქმნება  ახალი პოლიტიკური ძალა... დღეს ქვეყნის ვერანაირ მომავალს ვერ ვხედავთ. ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებრივი კრიზისი და ასე თუ გაგრძელდა, არავითარი პერსპექტივა და მომავალი არ ექნება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა „უცნობმა“. 
გია გაჩეჩილაძე: ყველამ უნდა დაინახოს, რომ სხვა საქართველოც არსებობს

დღეს, 9 აპრილს, გია გაჩეჩილაძის ორგანიზებით ევროპის მოედანზე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით  საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს და პატრიარქ ილია მეორეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

შეკრებაზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცნობის“ იდეას, რომ სიმბოლურად, 9 აპრილს დაფუძნდეს „საქართველოს მარადისობის დღე“. „დედაენის ბაღში“ განთავსდა რამდენიმე ბანერი, რომელსაც მოქალაქეებმა მოაწერეს ხელი და ამით თანხმობა გამოხატეს, რომ ხდებიან საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღის დამფუძნებლები.

გია გაჩეჩილაძე ადრეც აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. ის გამოდიოდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა თავის ძმას, პოლიტიკოს ლევან გაჩეჩილაძეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. „უცნობის" ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პროექტია „საკანი ნომერი 5", სადაც ის რვა თვის განმავლობაში ცხოვრობდა და მოითხოვდა სააკაშვილის გადადგომას. მასთან „ციხეში პაემნებზე" მიდიოდნენ მაშინდელი ოპოზიციონერები და პირდაპირ ეთერში ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავდნენ.