თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას საქმის განხილვას იწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარის გამო ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა 11:00 საათზე დაიწყება, განაცხადა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა. 

ვინ აპირებს ნიკა მელიას გირაოს გადახდას 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მელიას განაჩენის გამოტანამდე პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოპოზიციის ლიდერი მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

„სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობით გამოვალთ, თუმცა, დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ სხდომის დაწყებამდე არ გავასაჯაროებთ“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

ამასთან, ადვოკატმა უარი განაცხადა პასუხი გაეცა კითხვაზე, დაცვის მხარე დააყენებს თუ არა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობას.

მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია. დასავლეთის მკაცრი კრიტიკის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა – მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, თუ მელია 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდაზე თანხმობას განაცხადებს.

თავად მელია აცხადებს, რომ მისთვის შეფარდებული გირაო უკანონოა და არ აპირებს მის გადახდას.