საგარეჯო–უდაბნო–დავით-გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გზის აღდგენა მნიშვნელოვანია ტურისტების მოსაზიდად. გასულ წელს აღნიშნული საავტომობილო გზის 13,4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო–უდაბნო–დავით-გარეჯის საავტომობილო გზის 14,8 კმ-იანი მონაკვეთის (13–27 კმ) პროექტირება–რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გომელაური: დავით-გარეჯის ტერიტორიაზე სასაზღვრო სექტორის მშენებლობა მალე დასრულდება
 

სარეაბილიტაციო მონაკვეთი საგარეჯოდან 12 კილომეტრში იწყება და სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე სრულდება.

„გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში მოხდება დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართულ–აზერბაიჯანული საზღვრის სადავო მონაკვეთთან მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს, კერძოდ, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობს აზერბაიჯანის მხარე აკონტროლებს.