თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ოპერის სცენის ვარსკვლავი, ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე კორონავირუსით დაინფიცირდა, ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
ოპერის მომღერალი წერს, რომ, თავისი მხრიდან დიდი სიფრთხილის მიუხედავად, ის დღეს კოვიდ-ინფიცირებულია. თუმცა მომღერალი განწყობილია პოზიტიურად და ყველას შეზღუდვების და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, სირთულე, ვირუსი თუ სხვა რამე, რასაც ერთმანეთის სიყვარულით, მოფრთხილებით, ერთმანეთზე ზრუნვით და უფლის შეწევნით ვერ მოვერევით“, - წერს სურგულაძე.
ნინო სურგულაძე 1977 წლის 12 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. 2001 წელს კონსერვატორიის შემდეგ მან სწავლა ლა სკალას აკადემიურ სტუდიაში განაგრძო. 22 წლისა იყო, როდესაც ბარსელონის თეატრის, ლისეოს სცენაზე შოსტაკოვიჩის ოპერა „მცენის მაზრის ლედი მაკბეტიდან“ სადებიუტო არია შეასრულა.
ამას მოჰყვა გამოსვლები დიდ ბრიტანეთში, კოვენტ–გარდენის თეატრში, გერმანიის სექსტას თეატრში, ტოკიოში, აშშ–ში და სხვ.
ის ასრულებს წამყვან პარტიებს ვერდის, ბიზეს, შოსტაკოვიჩის, ბელინის, ჩაიკოვსკის ოპერებიდან.
2014 წელს მეცო-სოპრანომ შექმნა საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“. ფონდის ფუნქციაა - ბავშვების მკურნალობის და რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ფონდმა ხუთწლიანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ათობით მძიმედ დაავადებული ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. თავად სურგულაძე ტყუპების დედაა.