თამარ გაბუნია: კლინიკის მხრიდან მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა საგანგაშოა

ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტო გააგრძელებს მუშაობას, ექსპერტების მოკვლევის შემდეგ კი დადგინდება მოხდა თუ არა საექიმო შეცდომა, განაცხადა გაბუნიამ
Sputnik

 

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საგანგაშოა, რომ გუნდმა, რომელიც მონაწილეობდა მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში, საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს ცრუ ჩვენება მისცა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

მედდის გარდაცვალების საქმეზე ორ ექიმსა და ექთანს ბრალი წაუყენეს

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

„კლინიკის გუნდის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისა და რეგულირების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულად არ ასახავდა იმ სურათს, რაც კლინიკაში მოხდა. სამედიცინო ჩარევასთან დაკავშირებით რაიმე სახის გადაცდომას რამდენად ჰქონდა ადგილი, ეს სამხარაულის ბიუროს ექსპერტების დასკვნების შემდეგ გახდება ცნობილი... ცრუ ჩვენება, როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე შესაძლებელი გახდება საუბარი იმაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა თუ არა საექიმო შეცდომა.

გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნენ: ადვოკატის განცხადება>>>

გაბუნიას განმარტებით, საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს და რეგულირების სააგენტო ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების რეალური ფაქტების დადგენის მიზნით მუშაობას გააგრძელებს.

გუშინ, საქართველოს პროკურატურამ  ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს  – კლინიკა „იმედის“ ორ ექიმს და ექთანს წარუდგინა.

ექიმებსა და ექთანს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით). დაკავებულები ბრალს აღიარებენ.