თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ქვეყანაში გრძელდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული შეზღუდვების შემსუბუქება.
გასული წლის ნოემბერში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვალში წარმოადგინა.
8 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით მუშაობას განაახლებენ კინოთეატრები, რომლებიც მაყურებლების მიღებას დაწესებული რეგულაციების დაცვით შეძლებენ.
ერთ-ერთი რეგულაციით, დარბაზებში მაყურებლების მხოლოდ 50%-ის დასწრებაა დასაშვები. ამასთან, სავალდებულოა მაყურებლის თერმოსკრინინგი, პირბადის გამოყენება და სეანსებს შორის დარბაზების დეზინფექცია.
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გათვალისწინებით, კინოთეატრებში საღამოს ბოლო სეანსები 18:00 საათზე დაიწყება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში კინოთეატრები 2020 წლის მარტის თვეში დაიხურა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრებს მუშაობის განახლების უფლება 1 აპრილიდან მიეცათ, თუმცა თავად კინოთეატრებმა მაყურებლების მიღება ერთი კვირით გადადეს.
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 687-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 285.645-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.