ბოიკოტი პეკინის ზამთრის ოლიმპიადას: აშშ განხილვებს გეგმავს

მანამდე პეკინის ბოიკოტირების იდეა წამოაყენეს კანადელმა, ნორვეგიელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და ასევე 200-მდე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მთელი მსოფლიოდან.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია პეკინის ოლიმპიადის მიმართ დამოკიდებულების თაობაზე, ამ საკითხზე ის მოკავშირეებთან ერთად იმსჯელებს და ისინი ერთობლივ პოლიტიკას შეიმუშავებს, წერს სახელმწიფო დეპარატამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ნედ პრაისი საკუთარ Twitter-ზე.

​„როგორც ვთქვი, პეკინის ოლიმპიადასთან დაკავშირებით არაფერი მაქვს გამოსაცხადებელი. 2022 წლამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ჩინეთისადმი ერთობლივი მიდგომა შევიმუშავოთ“, — დაწერა პრაისმა.

მანამდე ბრიფინგზე პრაისმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი ჩინეთის ოლიმპიადის „ერთობლივი ბოიკოტის“ იდეას, უპასუხა, რომ შეერთებული შტატებს სურს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად განიხილოს ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტირების საკითხი.

„რა თქმა უნდა, ამის განხილვა გვსურს. გვესმის, რომ კოორდინირებული მიდგომა უპასუხებს არა მარტო ამერიკის ინტერესებს, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებსაც“, — აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ბრიფინგზე.

„წესებს არღვევს“: ბლინკენმა პეკინი მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა

ნედ პრაისის თქმით, პეკინს სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით, კერძოდ, სინცზიან–უიღურის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ იმავე მიზეზით ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოწოდებით მანამდე გამოვიდნენ კანადელი, ნორვეგიელი და ამერიკელი პოლიტიკოსები. იგივე მოთხოვნა გაისმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დაახლოებით 200-მდე უფლებადამცველი ორგანიზაციისგან.

პეკინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცალკეული ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან სპორტის პოლიტიზაციას, რომლებიც „ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით ცდილობენ ჩაშალონ ოლიმპიადა და ჩაერიონ სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში“.

ამასთან, როგორ აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა სიუზან ლაიონსმა განაცხადა 10 მარტს, ისინი მხარს არ უჭერენ პეკინში ოლიმპიადის ბოიკოტის იდეას.

ზამთრის XXIV ოლიმპიადა ჩინეთში 2022 წლის 4-დან 20 თებერვლამდე პერიოდში უნდა ჩატარდეს.