თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. ქართული ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს 10 აპრილიდან დაიწყებს, განუცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს.
„ნაცმოძრაობამ“ ოთხშაბათს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებთან და აქტივისტებთან შეხვედრა გამართა და 15 მაისისთვის დაგეგმილი აქცია და სამოქმედო გეგმა განიხილა.
„ჩვენ, პარტიის ლიდერები და აქტივი, გავემგზავრებით მთელ საქართველოში, რათა მოსახლეობას ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია 15 მაისის აქცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე გადამწყვეტი იქნება“, - აღნიშნა ბოტკოველმა.
ოპოზიციამ 15 მაისისთვის თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაგეგმა. მოქმედების შესათანხმებლად პარტიებმა სპეციალური შტაბი შექმნეს.
წინასწარი მონაცემებით, აქცია უვადო იქნება და ოპოზიცია აქციაზე კვლავ გააჟღერებს თავის მოთხოვნებს: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.