თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ექთანი მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმს და ექთანს წარედგინა. აღნიშნული პირები მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ. უწყების მტკიცებით, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ერთ-ერთი მათგანი (ვ.ი.) არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
„კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ.“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, აცრის შემდეგ ექიმს (ვ.ი.-ს) მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა ექთანს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, ის დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა. ექიმებსა და ექთანს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით).
ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.