თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. დღეს უმრავლესობის ოთხ წევრს - მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს, ირაკლი მეძმარიაშვილსა და მაია მენაღარიშვილის კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა, ამის მიუხედავად, კანონმდებლები თვითიზოლაციაში გადასვლას არ გეგმავენ.
დეპუტატების ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია. არ არის გამორიცხული, პარლამენტში ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს.
პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ კომიტეტების თავმჯდომარეები, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრის დაწყებამდე კანონმდებლებმა დაადასტურეს, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ ინფიცირებულ დეპუტატებთან. თუმცა მათი განცხადებით, რეგულაციებს იცავდნენ და თვითიზოლაციაში გადასვლას არ გეგმავენ.
„სხდომები უნდა გაიმართოს და საჭიროა, კანონების მიღება, გვიწევს ადგილზე მუშაობა, დისტანციურად სესიებს ვერ ჩავატარებთ, ასე რომ გარკვეულწილად რისკში ვიგდებთ საკუთარ თავს", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.
კორონავირუსი გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც დაუდასტურდა, მასთან კონტაქტის გამო კი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.
საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 687 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცხელ ეპიდწერტილებად რჩება თბილისი, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, აჭარა, იმერეთი. სპეციალისტები კორონავირუსის მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწევს შემზღუდავ ღონისძიებებს მიმართოს.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 285 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 275 ათასზე მეტი პაციენტი, 3.840 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.