ელენე ხოშტარია საავადმყოფოში მოხვდა

რამდენად სერიოზულია 40 წლის ოპოზიციონერის მდგომარეობა, კლინიკაში არ ამბობენ და ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე მიუთითებენ, თავად ხოშტარია კი დარწმუნებულია, რომ სერიოზული არაფერია, მხოლოდ წნევის პრობლემაა
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია მაღალი არტერიული წნევით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა Facebook–გვერდზე.

ის თბილისში საავადმყოფო „ნიუჰოსპიტალშია“ მოთავსებული

„დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე“, – დაწერა ხოშტარიამ.

ხოშტარიამ მარტში ახალი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დააარსა. მისი თქმით, ახალი მოძრაობის მიზანია ქვეყანაში კორუფციასთან და უსამართლობასთან ბრძოლა.

საქართველოში ახალი პოლიტიკური მოძრაობა გაჩნდა

ხოშტარიამ 2020 წლის ბოლოს ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დატოვება და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა გადაწყვიტა.

ელენე ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში ახალი თაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. იგი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, რაც მას ხელს არ უშლის, რომ რუსეთის მიმართ მკაცრად განწყობილი პოლიტიკოსების რიგს მიეკუთვნებოდეს. 2019 წლის ზაფხულში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოითხოვა პარლამენტის დარბაზიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გაძევება. 

ელენე ხოშტარია 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“, ასევე იყო ამავე პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში.