შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: მსჯავრდებულის მამა შესაძლოა გათავისუფლდეს

ადვოკატმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანენ
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მამა - თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად ცნო, შესაბამისად, ის პატიმრობიდან გათავისუფლდება, განაცხადა მისმა ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა.

შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს ამნისტია შეეხო

ხომასურიძე 2020 წლის სექტემბერში დააკავეს, ამჟამად ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და მუქარას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბასილაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამკურნალოდ ხონის რაიონის სოფელ ხუტირში მდებარე აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

ხომასურიძე თავისი ვაჟის დაკავების შემდეგ პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს ატარებდა და, გამოძიების ვერსიით, უცნობი ორგანიზაცია „თეთრი ისრის“ სახელით საქმის მთავარ მოწმეებს - იაკობ ბრეგაძეს და გურამ ამირხანაშვილს, ასევე მოკლულის ბიძას მირიან ნიკოლაძეს საჯაროდ ემუქრებოდა მოკვლით ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებით. გარდა ამისა, ის ნიკოლაძეს სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.

გარდა ამისა, ბრალდების ვერსიით, მისი ვაჟის დაკავების შემდეგ მან მოწმეების დისკრედიტაცია გადაწყვიტა. ამისათვის შეიძინა ორ-ორი ტელეფონი და სიმ-ბარათი და გეოლოკაციის საშუალებით გააყალბა მიმოწერა ამირხანაშვილსა და ვითომ „მოწმეს“ შორის. ამის შემდეგ კი გაასაჯაროვა ის როგორც რეალური მიმოწერა, რომელიც მას „თეთრმა ისარმა“ მიაწოდა.

დამნაშავეა! შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს 16–16 წლით პატიმრობა შეეფარდათ

ასევე მან ცრუ ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ „თეთრი ისრის“ წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ მოკლული შაქარაშვილის ბიძას და ამირხანაშვილს „სასიკვდილო განაჩენი“ გამოუტანეს.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გასული წლის 18 ივნისის შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც დაბადების დღის წვეულებაზე მცხეთაში გაემგზავრა. მისი ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

პროკურატურამ დაადგინა, რომ შაქარაშვილი წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.

შაქარაშვილის მკვლელობას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი მცხეთა–თბილისის ტრასაზე და მცხეთაში აგარაკზე.