თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ორსულთა ვაქცინაცია კორონავირუსზე ხელს უწყობს ანტისხეულების გადაცემას ნაყოფისთვის, განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ.
დეპუტატის თქმით, დედის ორგანიზმში არსებული ანტისხეულები ნაყოფის დაცვით ფუნქციას აძლიერებს.
„დედის ორგანიზმში წარმოშობილი ანტისხეულები ნაყოფის დაცვის ფუნქციის გაძლიერების კიდევ ერთი გარანტიაა. კორონავირუსზე აცრილი დედა ანტისხეულებს გადასცემს ნაყოფს და ნაყოფი დაიბადება შემოსილი ბრძოლის უნარით“, - განაცხადა დეპუტატმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
კახაძემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანმა ვაქცინაციის წინ ექიმს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს.
„ვაქცინა არის გარედან შემოსული აგენტი, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის დროს შეიძლება გარკვეულ რეაქციებს ბადებდეს. ამიტომ თვითონ ადამიანმა აცრის წინ ექიმს, რომელიც ავსებს ანამნეზს, სრულად უნდა მოუყვეს თავისი ავადობის ისტორიის შესახებ“, - განაცხადა კახაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვლავაც საჭიროა პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის და პირადი ჰიგიენის დაცვა, ასევე რა თქმა უნდა საჭიროა ვაქცინაცია.
„ვაქცინაცია - დაცვის ერთადერთი დაცვის მექანიზმია, რომელიც მიმართულია ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებაზე და თუ ვირუსი მაინც შეაღწევს ორგანიზმში, აცრილი ადამიანი ვირუსს ყოველგვარი გართულებების გარეშე გაუმკლავდება“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
გამყრელიძე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ... >>
თავად დეპუტატი და ცნობილი ექიმი კორონავირუსზე დაახლოებით ორი კვირის წინ აიცრა. კახაძის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს. ასევე AstraZeneсa-ს ვაქცინით აიცრა მისი მეუღლე.