საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის

როგორც ზურაბიშვილმა აცრისას განაცხადა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაცული იყოს საზოგადოება და ქვეყანა არსებული კრიზისიდან გამოვიდეს.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის მიუხედავად იმისა, რომ ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია, ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რატომ არ აიცრა ირაკლი ღარიბაშვილი: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება>>

ამ პროცესის პარალელურად პრეზიდენტი PCR–ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა თვითიზოლაციაში გადასვლის გადაწყვეტილება რისკების თავიდან აცილების მიზნით მიიღო, ვინაიდან მას კონტაქტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან.

პრემიერ ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილი  კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით 18 მარტს  საჯაროდ აიცრა, მეორე დოზით კი მას აცრა 4-12 კვირის შუალედში მოუწევს. მან  საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო. 6 აპრილის მონაცემებით ჯამურად სულ აცრილია 12 846 ადამიანი.