„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მოლაპარაკების პირობები დაასახელა

ბოლო შეხვედრაზე დანიელსონის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერეს.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი  – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებათა მაგიდას ოპოზიციასთან ერთად მიუჯდება, თუ ის თავის პოზიციას შეიცვლის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც საქართველოში კრიზისის მოგვარებას ითვალისწინებდა, გასულ კვირაში შედგა და მან კვლავ უშედეგოდ ჩაიარა. პოლიტიკური ჩიხიდან ქვეყნის გამოსაყვანად თბილისს მეორედ ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი შეთავაზებული წინადადებები მხარეებმა არ მიიღეს. ახლა განიხილება მომდევნო რაუნდი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, აპრილში ჩატარდება.

„ჩვენ ყოველთვის მზადყოფნა გვქონდა და ვთვლით, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა ნამდვილად არ აქვს. თუ ოპოზიცია გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებებს და მოსაზრებებს იმ პირობებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ გვქონდა მსჯელობა ბოლო დიალოგზე, ჩვენ მზად ვიქნებით მომავალშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ Formula TV-ს ეთერში.
„ბოიკოტი უნდა დასრულდეს" – პარტია „გირჩი“ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ბოლო შეხვედრაზე დანიელსონის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ დოკუმენტს ხელი არც ოპოზიციამ და არც ხელისუფლებამ არ მოაწერეს. ოდნავი დაახლოება, ისიც ზეპირი ფორმით, შეთანხმების ხუთიდან მხოლოდ სამ პუნქტზე მოხდა: საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ხელისუფლების განაწილება პარლამენტში. მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს ორ საკითხში – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

საპარლამენტო არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი კვლავ უარს ამბობს მისი შედეგების აღიარებაზე და ახალი კენჭისყრის დანიშვნას მოითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს კი „წითელ ხაზად“ მოიაზრებს, არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მოლაპარაკებების დროს ოპოზიციას ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას სთავაზობს.

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნაა იმ პირთა გათავისუფლება, რომლებსაც ისინი „პოლიტპატიმრებს“ უწოდებენ. ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა.