გამყრელიძე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინების შესახებ საუბრობს.
Sputnik
გამყრელიძე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ...
„აპრილის შუა რიცხვებში ორი ჩინური ვაქცინა მიიღებს ავტორიზაციას. უნდა მიეღოთ მარტის ბოლოსთვის, მაგრამ დამატებითი მონაცემები იქნა გამოთხოვილი. ჩვენთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყანამ Sinopharm-ი შეიძინა იმ რეგულაციებით რაც არსებობს. როცა რომელიმე მკაცრ მარეგულირებელს აქვს ავტორიზირებული, ქვეყანას შეუძლია მისი გამოყენება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო. ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი, რომელიც ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია. კომპანია Sinopharm-მა ვაქცინა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა. ამასთან,  უახლოეს მომავალში ჩინეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinovac-ის ვაქცინას საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს.