6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა

საქართველო სპორტის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. დღესასწაული ოლიმპიური თამაშების დაწყებას უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. სპორტის საერთაშორისო დღე 6 აპრილს აღინიშნება. ეს დღესასწაული გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წელს დააარსა, განცხადებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული თარიღი თანამედროვე ოლიმპიური თამაშების დაწყებას უკავშირდება, რომელიც 1896 წლის 6 აპრილს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა.

სპორტის საერთაშორისო დღე, ტრადიციულად, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, მაგრამ წელს, გასული წლის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებები არ გაიმართება.

სპორტის საერთაშორისო დღე „თეთრი ბარათის“ კამპანიით აღინიშნება

სპორტის დღეს მსოფლიოსთან ერთად ყოველწლიურად უერთდება საქართველო. საერთაშორისო ორგანიზაციამ „მშვიდობა და სპორტი“ საქართველო 2019 და 2020 წლებში შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ინიციატივა“ წარადგინა. საქართველომ ეს აღიარება „თეთრი ბარათის“ (#WhiteCard) კამპანიისთვის დაიმსახურა. მაშინ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ვეტერანი და თანამედროვე სპორტსმენები. კამპანიის მიზანი კი სპორტში დადებითი ღირებულებების წახალისებაა, რომელიც ტოლერანტობასა და მშვიდობას გამოხატავს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აღნიშნულ დღესასწაულს სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ექიმებს, მსაჯებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებსა და სპორტის გულშემატკივარს ულოცავს.