ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფს პედაგოგები და ბაღის აღმზრდელებიც დაემატებიან

გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე საქართველოში იმ კატეგორიათა ჩამონათვალი იზრდება, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით ვაქცინაციის უფლება აქვს.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვას ახლო მომავალში პედაგოგები და ბაღების აღმზრდელებიც შეძლებენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს.

„იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების და ბაღების აღმზრდელთა ჩართვის საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ წინა სხდომაზეც იმსჯელა. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგი გაიზარდა, საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომავალ სხდომაზე მივიღებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. 
ვაქცინა უსასყიდლოდ: საქართველო ჩინეთიდან Sinovac-ს ელოდება

იმუნიზაციის საბჭომ ასაცრელ პირთა ასაკობრივი ჯგუფის გაფართოების გადაწყვეტილება მარტში მიიღო. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს უკვე დაემატა 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია (დაახლოებით 30 ათასი დოზა) 25 მარტს მიიღო, 13 მარტს კი პრეპარატ AstraZeneca-ს პირველი პარტია (43.200 დოზა) შემოვიდა. ქვეყანა აღნიშნული ვაქცინის შემდეგ პარტიას (86.400 დოზა) აპრილში მიიღებს. გარდა ამისა, საქართველომ 3 აპრილს ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. Sinopharm-ს ჯერ არ მიუღია ჯანმოს ავტორიზაცია, ამიტომ იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, როცა ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს. საქართველო ასევე ელოდება Sinovac-ის ვაქცინას, რომელსაც ჩინეთიდან უსასყიდლოდ მიიღებს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის უფლება აქვთ.