რამდენად სანდოა Sinopharm-ის ვაქცინა? – სპეციალისტების განმარტება

ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეისყიდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას ელოდება.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა Sinopharm უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარებულია, ამის საფუძველზე ვაქცინა დაიშვა საქართველოშიც, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ​ეკატერინე ტიკარაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი უკვე საქართველოშია

საქართველომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო. ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება ავტორიზაციას, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, თუ როდის დაიწყება საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია.

„მნიშვნელოვანია, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჩინურ ვაქცინასა და მის სანდოობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც. მისი განცხადებით, ვაქცინა უკვე ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით.

როდის დაიწყება საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია: გამყრელიძის განმარტება

„ჩინეთის გარდა, „სინოფარმის“ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ვაქცინა ასევე ნაყიდი აქვს სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანას – ბრაზილიას, ჩილეს. ევროპის ქვეყნებიდან ძალიან მაღალი აქტივობით იყენებენ უნგრეთი, სერბეთი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ჩინური ვაქცინა Sinovac-ის შესახებ, რომელიც ასევე გავრცელებულია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და დაახლოებით 15 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია. ავტორიზაციის შემდეგ კი აღნიშნულ პრეპარატს ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს.

ამირან გამყრელიძე: საქართველო COVID-19-ის მესამე ტალღის წინაშე დგას>>

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ამჟამად საქართველოში ვაქცინაციისთვის Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატები გამოიყენება.