ვაქცინა უსასყიდლოდ: საქართველო ჩინეთიდან Sinovac-ს ელოდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინის კვალდაკვალ ქვეყანა მალე Sinovac-ის პრეპარატსაც მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ჩინეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinovac-ის ვაქცინას საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს, განაცხადა ჩინური ვაქცინის პრეზენტაციაზე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

აღნიშნული ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, ერთ თვეში შემოვა. 3 აპრილს კი ქვეყანამ ჩინური Sinopharm-ის 100 ათასი დოზა მიიღო. ქვეყანაში ამ პრეპარატით ვაქცინაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც იგი ჯანმოს ავტორიზაციას გაივლის. 

ჩინეთის ელჩი: Sinopharm-ის ვაქცინის ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება

გამყრელიძის თქმით, Sinopharm-ის ვაქცინა ფართოდ გამოიყენება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში – ბრაზილიასა და ჩილეში, ასევე ევროპაში – უნგრეთსა და სერბეთში.

„ჩინეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ხუთი ვაქცინა აქვს შექმნილი, აქედან ორი – Sinopharm და Sinovac საერთაშორისო მასშტაბისაა. ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს Sinovac-ს, რომელიც ფართოდ გამოიყენება მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, სადაც უკვე დაახლოებით 15 მლნ დოზაა გამოყენებული. დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა ასევე გამოყენებული აზერბაიჯანში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის აზრით, Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები ჯანმოს ავტორიზაციას, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში მიიღებენ. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყება საქართველოში აღნიშნული პრეპარატების გამოყენება.

ჩინური ვაქცინა ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. კომპანია Sinopharm-მა ის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან ერთად შეიმუშავა. 

რამდენად სანდოა Sinopharm-ის ვაქცინა? – სპეციალისტების განმარტება

ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ხერხია, აღნიშნავენ ეპიდემიოლოგები. ამ ტექნოლოგიითაა შემუშავებული, მაგალითად, დიფტერიის, В–ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველასა და სხვა დაავადებების ვაქცინები.

ჩინური ვაქცინის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იენი. ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინების სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

„ამ დროისთვის Sinopharm-ის ვაქცინა არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება, არამედ მისი ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში მთლიანობაში გამოყენებულია ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზა. აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

Sinopharm-ის პრეპარატით აცრა ორჯერ ტარდება 21-დღიანი ინტერვალით.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.