რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

რუსთავის საკრებულოს წევრი დაჭრეს

გუშინ რუსთავის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი მღებრიშვილი მაჩაბლის ქუჩაზე, საკუთარ ეზოში დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მღებრიშვილს კლინიკა „რუსთავში“ ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას მღებრიშვილს ქვედა კიდურის არეში დანით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.