რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი შეიყვანეს

ნამოხვანისა და ჟონეთის მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მდინარე რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ თითქმის ნახევარი წელია გრძელდება
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. რიონის ხეობაში, გუმათის დასახლებაში, სადაც „ნამახვანჰესის“ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

დღეს, 12:00 საათზე  „ნამახვან ჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქცია აქვთ დაგეგმილი. მოქალაქეები ადგილზე უკვე იკრიბებიან.

მაგრამ ამ დროისთვის გუმათის დასახლებაში მოძრაობა შეფერხებულია და სამართალდამცველები მოქალაქეებს რიონის ხეობაში არ უშვებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ათობით ეკიპაჟი. ადგილზეა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეცდანიშნულების რაზმიც.

„ნამახვანი ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები აქტივისტების დაკავების ფონზე დაიწყო

შსს-ს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში გუშინდლიდან მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

რიონის ხეობაში „ნამახვანი ჰესის“ მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ხმაურის ფონზე განახლდა. გუშინ ადგილზე მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო. პოლიციასთან დაპირისპირების შდეგად ორი აქტივისტი დააკავეს. პოლიციას ბლოკირებული ჰქონდა ხეობის ის ნაწილი, სადაც „ნამახვან ჰესის“ მშენებლობა იგეგმება და აქტივისტებს არ უშვებდა. ადგილზე კომპანია „ენკა რინიუებლზის" ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მისი განცხადებით, კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს განაგრძობს. მან აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება, ვიდრე ყველა კვლევა არ გადამოწმდება და დადასტურდება.

რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი შეიყვანეს

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს – ცაგერის და წყალტუბოს. ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ის მოქალაქეებში მკვეთრ პროტესტს იწვევს. ჰესების მოწინააღმდეგეები უკვე 5 თვეზე მეტია მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. დღეს პროტესტის 162-ე დღეა. პროტესტების შედეგად ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ნამახვანჰესის“ კაშხლის სამშენებლო სამუშაოები ცხრა თვით შეჩერდა და ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.