ნამახვანი ჰესის მშენებელი კომპანია საპროტესტო აქციის მონაწილეებს მუქარაში ადანაშაულებს

კომპანიაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც იძულებული არიან სამსახური დატოვონ
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. კომპანია „ენკა რინიუებლზი" საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს და მოუწოდებს, შეისწავლოს „ნამახვან ჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან მათი თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები.

რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი შეიყვანეს

გუშინ რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვანი ჰესის“ მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები განახლდა, მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო. აქციის ორი მონაწილე დააკავეს. პოლიციას ბლოკირებული ჰქონდა ხეობის ის ნაწილი, სადაც „ნამახვან ჰესის“ მშენებლობა იგეგმება და აქტივისტებს არ უშვებდა. ადგილზე კომპანია „ენკა რინიუებლზის" ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე  ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ლომინაძის განცხადებით, კომპანია განაგრძობს წინამოსამზადებელ სამუშაოებს და აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება, ვიდრე ყველა კვლევა არ გადამოწმდება და დადასტურდება.

დღესაც რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქცია აქვთ დაგეგმილი. ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული.

როგორც კომპანია „ენკა რინიუებლზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე თვეა, რაც მოქალაქეთა ერთი ნაწილი, რომლებიც თავს „რიონის ხეობის მცველებს“ უწოდებს, კომპანია „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლებს თავიანთი უფლება-მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას არ აძლევს.

„ე.წ. „მცველები“ მათზე ახორციელებენ უმწვავეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც კომპანიის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომლებიც ხეობის სოფლებში ცხოვრობენ, იძულებული არიან უარი თქვან სამსახურზე და ოჯახები გარანტირებული შემოსვლის გარეშე დატოვონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„ნამახვანი ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები აქტივისტების დაკავების ფონზე დაიწყო

კომპანიის მტკიცებით, მათ აქვთ არაერთი ვიდეომტკიცებულება პროექტის მოწინააღმდეგეთა მონაწილეობით, სადაც ისინი ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან როგორც ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ მენეჯერებს, განსაკუთრებით სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე რიგით თანამშრომლებსაც.

„ენკა რინიუებლზი“ მოუწოდებს სახალხო დამცველს, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას, პირადად დაინტერესდეს ქსენოფობიური და სხვა სახის დისკრიმინაციული განცხადებებით, რომლებიც კეთდება ჰესის პროექტში ჩართული პირების წინააღმდეგ 2020 წლის შემოდგომიდან მოყოლებული.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-სა და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს დაიკავებს – ცაგერის და წყალტუბოს.

ნამახვანი ჰესის მშენებელი კომპანია საპროტესტო აქციის მონაწილეებს მუქარაში ადანაშაულებს

ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ის მოქალაქეებში მკვეთრ პროტესტს იწვევს. ჰესების მოწინააღმდეგეები უკვე 5 თვეზე მეტია მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ. დღეს პროტესტის 162-ე დღეა. პროტესტების შედეგად ხელისუფლებამ მოსახლეობასთან მოლაპარაკების დაწყება გადაწყვიტა.

„ნამახვანჰესის“ კაშხლის სამშენებლო სამუშაოები ცხრა თვით შეჩერებულია და ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით კიდევ ერთხელ შემოწმდება გარემოზე ზემოქმედების ეფექტი.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი მდინარე რიონზე გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 750 მლნ დოლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება.